პრესრელიზი

მთავარი / პრესრელიზი

იგორ გიორგაძის ადვოკატების განცხადება ამნისტიასთან დაკავშირებით

საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება „ამნისტიის“ კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია, რამაც გამოიწვია როგორც მედიის, ასევე დაინტერესებულ პოლიტიკოსთა შეშფოთება იმის თაობაზე, რომ კანონპროექტი შესაძლოა საშეღავათოდ შეეხოს იგორ გიორგაძეს, რაც გარკვეულწილად იწვევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.  

ინფორმაციის სახით გაწვდით იგორ გიორგაძისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით: კერძოდ - ამნისტიის გამოყენება ხდება დამნაშავე პირთა მიმართ, ხოლო იგორ გიორგაძის უდანაშაულობიდან გამომდინარე, ამნისტიის გამოყენება ჩვენს ინტერესებში არ შედის. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 27 წელია იგორ გიორგაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა ამ ეტაპამდე დაუსრულებლად მიმდინარეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში, მიუხედავად პროცესზე დაცვის მხარის მუდმივი აპელირებისა, სასამართლოს მიერ გონივრულ ვადებში დასრულდეს საქმის განხილვა. ფაქტია, სახეზეა სასამართლო განხილვის გაჭიანურება, რაც ერთის მხრივ იგორ გიორგაძის დევნილობის ხარჯზე აზიანებს პირის მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას და მეორეს მხრივ სამართლიანი სასამართლოს იმიჯს.

კრიმინალური პოლიციის საერთაშორი ორგანიზაციას - ინტერპოლს, მხოლოდ სამი თვე დასჭირდა დაედასტურებინა იგორ გიორგაძის უდანაშაულობა, რის საფუძველზეც დასახელებულმა ორგანიზაციამ შეწყვიტა მის მიმართ საერთაშორისო ძებნა და იგორ გიორგაძე დაუყონებლივ მოიხსნა ე.წ წითელი ცირკულარის ძებნილობიდან, ხოლო აღნიშნულის პარალელურად, ქართული სასამართლოს მხრიდან, სრულიად უსაფუძვლოდ, 27 წლის მანძილზე პირველი ინსტანციის სასამართლოშიც კი ვერ დასრულდა მიმდინარე საქმის განხილვა, შესაბამისად ვერ მოხერხდა პირისათვის სწრაფი მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა, რაც თავის მხრივ იწვევს უდანაშაულო იგორ გიორგაძის იძულებით დევნილობაში ყოფნას.

იგივე მედია საშუალებებსა და პოლიტიკოსებს, მეტი ობიექტურობისთვის მოვუწოდებთ, აქტიურად ჩაერთონ სასამართლო სისტემისათვის იმის შეხსენაბში, რომ სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელება და სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცული იყოს ყველა პირის, მათ შორის იგორ გიორგაძისათვის, რათა თავიდან იქნეს არიდებული  ნებისმიერი უსაფუძვლო შეშფოთება, გამოწვეული თუნდაც „ამნისტიის“ კანონპროექტიდან გამომდინარე, რომლის გამოყენებაც, რამდენადაც უკვე აღინიშნა, ჩვენს ინტერესებში არ შედის. 

იგორ გიორგაძე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატები ამზადებენ სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად, ვინაიდან ქართული სასამართლოს მიერ იგორ გიორგაძის მიმართ დარღვეულია სწრაფი მართლმსაჯულებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებით უზრუნველოფა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარე მუდმივად აყენებს სამართლიან მოთხოვნას დროულად დასრულებულ იქნას საქმის სასამართლო განხილვა და გამოთქვამს მზაობას პროცესში მონაწილეობის მიღებაზე.