
1. იგორ გიორგაძის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესი უკვე მეათე წელია გრძელდება თბილისის საქალაქო სასამართლოში, თავად სისხლისსამართლებრივი დევნა კი სამი ათწლეულის წინ დაიწყო. მიუხედავად საქმის ხანგრძლივობისა და მისი გახმაურებული ხასიათისა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა დღემდე არ იცის, კონკრეტულად რას ეფუძნება ბრალდება, რა მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი პროკურატურას და რატომ ვერ დასრულდა ეს უხანგრძლივესი პროცესი ამდენი წლის განმავლობაში. გთხოვთ, მოკლედ გვიამბოთ - ვინ არის იგორ გიორგაძე და რა გარემოებებში დაიწყო მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა?
- 1993 – 1995 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების მინისტრი, ხანგრძლივი ცილისმწამებლური კამპანიის, პოლიტიკური მოტივით დევნის, უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევისა და ადამიანის უფლებების შელახვის მსხვერპლი. 1995 წლის სექტემბერში ბატონმა იგორ გიორგაძემ გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით ,, ალერსიანი ტირანი,, სადაც ედუარდ შევარდნაძის რეჟიმს უწოდა მაფიოზური და ის ამხილა კრიმინალურ მოქმედებებში. აღნიშნული მწვავე საჯარო დაპირისპირების შედეგად ბატონი იგორ გიორგაძე ღიად ჩადგა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ოპოზიციაში. ხოლო ზ/აღნიშნული სტატიის საპასუხოდ ბატონ იგორს სასწრაფო წესით შეუკერეს საქმე და მტკიცებულებების გარეშე სტატიის გამოქვეყნების შემდეგ წაუყენეს ბრალი, ვითომდა 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს პარლამენტის შიდა ეზოში მომხდარი ინციდენტის ერთ-ერთ ფიგურანტს. ამ ინციდნეტის შედეგად საყოველთაოდ ცნობილია, რომ მსუბუქი დაზიანება მიიღო იმ დრონიდელმა სახელმწიფო მეთაურმა ედუარდ შევარდნაძემ. ბატონი იგორი ყოველთვის ამტკიცებდა, რომ 29 აგვისტოს ინციდენტი შევარდნაძის მიერ იყო ინსცენირებული იმ დროინდელი არჩევნების გაყალბების მიზნით.
2. ვის ეკუთვნოდა დანაღმული ა/მანქანა, რომელიც აფეთქდა პარლამენტის ეზოში?
- საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებამ ვერ დაადგინა, ვის ეკუთვნოდა პარლამენტის ეზოში აფეთქებული თეთრი „ნივის“ მოდელის ავტომანქანა. ამავე დროს, საქმეში ფიგურირებს ვინმე პაატა სტეფანიშვილი, რომლის სახელზეც იყო რეგისტრირებული თეთრი „ნივის“ მოდელის ავტომანქანა, მისი ჩვენებით, ის საშვის გარეშე ნაცნობობის გამოყენებით უპრობლემოდ შედიოდა პარლამენტის შიდა ეზოში ედუარდ შევარდნაძის მრჩევლისა და მეგობრის, ალექსანდრე ბოჭორიშვილის სანახავად. სტეფანიშვილის ჩვენების თანახმად, მან აღნიშნული თეთრი „ნივა“ ლაგოდეხის რაიონის საბაჟო სამსახურის უფროს ჟორა ნავაძეს გაუცვალა. თუმცა შემდგომ მის მიმართ გამოძიება შეწყდა. სწორედ ის გარემოება, რომ გამოძიებამ ბოლომდე არ გადაამოწმა არც სტეფანიშვილის ავტომანქანის შემდგომი ბედი, არც ჟორა ნავაძის როლი, რომელიც არც კი დაუკითხავთ და არც სტეფანიშვილის ჩვენების სანდოობა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმისთვის მნიშვნელოვანი ეს მიმართულება განზრახ ან არასრულად იქნა გამოძიებული. უფრო მეტიც სტეფანიშვილი გარდაიცვალა და მისი ჩვენება სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა, ხოლო ნავაძე არავის გამოუძახია სასამართლოში.
3. ვის დაბრალდა ა/მანქანის შეყვანა პარლამენტის ეზოს დაცულ ტერიტორიაზე?
- ავტომანქანის შეყვანა დაბრალდა მხედრიონის ერთ-ერთ ლიდერს გიგა გელაშვილს, რომელიც აღნიშნულ ფაქტს კატეგორიულად უარყოფდა სასამართლოზე და უთითებდა გამოძიებისას მის მიმართ განხორციელებულ წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე.
4. რა კავშირი ჰქონდა გელაშვილს იგორ გიორგაძესთან ან უშიშროების სამსახურთან?
- აბსოლუტურად არანაირი, უფრო მეტიც, მხედრიონი მისი მეთაურის ჯაბა იოსელიანის ჩათვლით, რომელსაც ასევე დაბრალდა 1995 წლის 29 აგვისტოს ინციდენტი, კონფლიქტურ/ანტიპატიურ ურთიერთობაში იყვნენ, როგორც იგორ გიორგაძესთან ასევე უშიშროების სამსახურთან. ერთ ერთი სასამართლო სხდომის დროს ჯაბა იოსელიანმა იხუმრა კიდევაც, რომ მას ისე არ წყენია შევარდნაძეზე თავდასხმის ცრუ ბრალდება, როგორც ის , რომ გიორგაძესთან თანამშრომლობა დააბრალეს.
5. როგორ შევიდა დანაღმული ა/მანქანა პარლამენტის ტერიტორიაზე?
- ა/მანქანები პარლამენტის ტერიტორიაზე შედიოდნენ საშვის მეშვეობით, შესაბამისად აღნიშნული ა/მანქანა, რომელიც შემდგომ აფეთქდა პარლამენტის ტერიტორიაზე და სამი დღის განმავლობაში დაცულ ტერიტორიაზე ეყენა, შეუშვა სამთავრობო დაცვის სამსახურმა.

6. და არავინ არ მოიკითხა რატომ იდგა, ვისი იყო ა/მანქანა?
- არა! ა/მანქანა, იდგა სამი დღე მოუკითხავად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს საკითხი შეთანხმებული იყო საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურთან, რომელიც ემორჩილებოდა შევარდნაძეს.
7. რა კავშირი ჰქონდა იგორ გიორგაძეს საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურთან და პარლამენტის ტერიტორიაზე არსებულ საშვების სისტემასთან?
- აბსოლუტურად არანაირი, საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახური გახლდათ სხვა უწყება, რომელსაც ყავდა თავისი ხელმძღვანელი პირი და არ იყო იგორ გიორგაძის დაქვემდებარებაში და ეს უწყება ექვემდებარებოდა პირადად ედუარდ შევარდნაძეს.
8. ვის ევალებოდა პარლამენტის შენობის, მათ შორის ეზოს დაცვა და ვინ იყო ამ სამსახურის ხელმძღვანელი?
- 1995 წელს საქართველოს პარლამენტის შენობის, ეზოს დაცვა ევალებოდა საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახურს, რომლის უფროსიც გახლდათ ვახტანგ ქუთათელაძე. პრაქტიკულად ეს დანაყოფი წარმოადგენდა ედურად შევარდნაძის პირად დაცვას, ემორჩილებოდა მხოლოდ შევარდნაძეს, ასევე ამ დანაყოფს სხვა ძალოვან სტრუქუტურებთან რაიმე სახის გადაკვეთა არ ჰქონია.
9. გამოდის, რომ, უწყება, რომელიც ვალდებული იყო დაეცვა პარლამენტის ტერიტორია არ ექვემდებარებოდა იგორ გიორგაძეს?
- დიახ, არანაირად არ ექვემდებარებოდა.
10. რა ჩვენება მისცა, რა განმარტა სასამართლოში ბატონმა ქუთათელაძემ?
- ბატონ ქუთათელაძეს ჩვენება არ მიუცია. არათუ სასამართლოში, არამედ გამოძიებაშიც კი არ ყოფილა დაკითხული, არც მისი მოადგილები, უფრო მეტიც 1998 წელს აღნიშნული პირი ედუარდ შევარდნაძემ დააწინაურა და დანიშნა საქართველოს უშიშროების მინისტრად.
11. ანუ უშიშროების მინისტრი გიორგაძე, რომელსაც არ ევალებოდა პარალმენტის ტერიტორიის კონტროლი, მოხსნეს თანამდებობიდან, პარლამენტის ეზოში აფეთქებულ ავტომანქანის გამო, ხოლო ქუთათელაძე, რომელიც ვალდებული იყო ეზრუნა პარლამენტის ტერიტორიის დაცვაზე დააწინაურეს და უშიშროების მინისტრი გახადეს?
- დიახ, ასეა.
12. სად იმყოფებოდა იგორ გიორგაძე აფეთქების დღეს, 1995 წლის 29 აგვისტოს?
- ედუარდ შევარდნაძის დავალებით გაგზავნილი იყო და იმყოფებოდა მივლინებაში. უფრო მეტიც სწორედაც შევარდნაძემ, თავისი კატეგორიული დავალებით იგორ გიორგაძეს ჩააბარებინა 27 აგვისტოს თბილისის მიმართულებით ბილეთები და უბრძანა არ ჩამოსულიყო საქართველოში კონსტიტუციის მიღების დღემდე. აღნიშნული საუბარი მოხდა საქართველოს ელჩის ბატონი ვაჟა ლორთქიფანიძის კაბინეტში და ბატონი ვაჟა ამ საუბარს ესწრებოდა.
13. როგორ დააბრალეს იგორ გიორგაძეს აფეთქების ინციდენტი?
- ყველა სტრუქტურა - გამომძიებლები, პროკურორები, მართსაჯულება და პრესა შევარდნაძის ხელში იყო. შესაბამისად მიიღეს მითითება, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე შეადგინეს ბრალდების დადგენილება. საქმე კი ისე ნაჩქარევად შეკერეს, რომ ყველა პროცედურული საკითხი დაარღვიეს, ბრალდება შეადგინეს რუსულ ენაზე, რუსულ ბლანკზე, ხოლო ძებნის შესახებ დადგენილებაში დანაშაულის ჩადენის თარიღად მიუთითეს “1885” წელი. იურიდიულად ამ დოკუმენტების ფასი - ნულია.
14. ჩატარდა თუ არა სასამართლო ამ საქმეზე?
- დიახ, 1997 და 1998 წლებში ჩატარდა სასამართლო სხდომა იგორ გიორგაძის გარეშე იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პასუხისგებაში იყვნენ მიცემულნი იგორ გიორგაძესთან და ჯაბა იოსელიანთან ერთად. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ყველა დაკავებული პირი ყვებოდა სასამართლოზე, რომ აუტანელი სადისტური წამების, არაადამიანური მოპყრობის და ოჯახის წევრებზე ზეწოლის მუქარის გამო ისინი იძულებულნი იყვნენ გამოძიებისთვის მიეცათ ცრუ აღიარებითი ჩვენებები. სასამართლოში ყველა მათგანმა მისცა ჩვენება და განაცხადეს, რომ იყვნენ უდანაშაულონი. დღეის მდგომარეობით ყველა პირს მოხსნილი აქვს ნასამართლეობა, ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მათ საქმეში დაადგინა უფლებების დარღვევა.
15. რატომ არ მისცეს საშუალება იგორ გიორგაძეს 1997 წელს, მისი საქმეც განხილულიყო სასამართლოში?
- 2005 წლამდე კანონმდებლობით არ ხდებოდა პირის დაუსწრებლად გასამართლება, ხოლო ბატონი იგორი კი საქართველოში არ იმყოფებოდა. 2005 წელს კანონში შესული ცვლილებებით შესაძლებელი გახდა საქმის განხილვა პირის დაუსწრებლად. ათი წლის განმავლობაში ბატონი იგორ გიორგაძის დაცვის მხარე და მისი მხარდამჭერები ითხოვდნენ სასამართლო განხილვას, მაგრამ ბრალდების მხარე კატეგორიულად არ აგზავნიდა საქმეს სასამართლოში. უფრო მეტიც 2015 წლამდე იგორ გიორგაძის საქმეს ედო გრიფი - საიდუმლო და ადვოკატებსაც კი არ ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ მას. საქმე სასამართლოში მხოლოდ 2015 წელს შევიდა, სასამართლო სხდომები კი 2016 წელს დაიწყო.
16. რატომ იყო იგორ გიორგაძის საქმე საიდმულო და რის დაცვას ცდილობდა მაშინდელი ხელისუფლება ამით?
- აბსოლუტურად არაფრის! არანირი საიდუმლო ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმე არ შეიცავს. უფრო მეტიც თავისუფლად შეიძლებოდა თუგინდ საიდუმლო საქმის განხილვა სასამართლოში, მაგრამ ეს არ გააკეთეს, რადგან ნათლად გამოჩნდებოდა, რომ გიორგაძის წინააღმდეგ აბსოლუტურად არანაირი მტკიცებულება არ იყო და საქმე თეთრი ძაფით გახლდათ შეკერილი.
17. მართალია, რომ შევარდნაძემ მოგვიანებით აღიარა, რომ იგორ გიორგაძის წინააღმდეგ მას მტკიცებულებები არ უნახავს?
- დიახ, 2006 წელს, როდესაც უკვე იგორ გიორგაძე არ წარმოადგენდა მისთვის პოლიტიკურ საფრთხეს, შევარდნაძემ გაზეთ ჯორჯიან თაიმსში აღიარა, რომ მას არასდროს უნახავს რაიმე მტკიცებულებები იგორ გიორგაძის წინააღმდეგ. ასევე მას თავის მემუარებში 29 აგვისტოს ინციდენტთან დაკავშირებით იგორ გიორგაძე არ დაუდანაშაულებია.
18. რა მტკიცებულებები წარმოადგინა 2015 წელს სასამართლოზე პროკურატურამ?
- არანაირი! რას წარმოდგენდნენ, როდესაც ბუნებაში არ არსებობს იგორ გიორგაძის მიმართ მტკიცებულებები. სხდომებზე დაიკითხნენ მოწმეები, წაკითხულ იქნა მოწმეთა ჩვენებები, თუმცა იგორ გიორგაძის წინააღმდეგ არცერთი ჩვენება ან სხვა მტკიცებულება არ ყოფილა გამოკვლეული.
19. როგორც ვიცით იგორ გიორგაძეს სხვა გახმაურებულ საქმეებშიც წარუდგინეს ბრალი, მაგალითად სარიშვილ - ჭანტურიას საქმე, რა მტკიცებულებები წარმოადგინა პროკურატურამ?
- ანალოგიურად არანაირი, ამ საქმეებში მხედრიონის წევრების გარდა პროკურატურის გამოკვლეული ჩვენებებით არავინ არ ფიგურირებს, მეტიც ქ/ნი სარიშვილი, რომელმაც საკუთარი გამოძიებაც კი ჩაატარა ამ ფაქტზე, თავად დარწმუნდა იმაში, რომ გიორგაძეს არანაირი კავშირი არ ჰქონდა მომხდართან და მრავალჯერ განაცხადა შემდგომში, რომ გიორგაძე არაფერ შუაში იყო. მან ბოდიშიც კი მოუხადა ბატონ იგორს მის წინააღმდეგ გაჟღერებული ცრუ ბრალდებების გამო.
20. დღეს რა მდგომარეობაა?
- 2025 წლის 10 ივნისს ჩატარდა ბოლო სასამართლო სხდომა, დღემდე სხდომა არ ჩანიშნულა და ეს ხდება იმ ფონზე, რომ პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებებისა და მოწმეების გამოკვლევის ეტაპს მიუახლოვდა. ყველა გადადება, რაც კი ყოფილა საქმეზე მხოლოდ ბრალდების მხარის ინიციატივით იყო. ბუნებრივია, ეს გარემოება აჩენს საფუძვლიან კითხვებს, რამდენად არსებობს რეალური სურვილი, საქმე გონივრულ ვადაში დასრულდეს და სასამართლომ სრულად გამოიკვლიოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. აღნიშნულზე შეფასების გაკეთება საზოგადოებისთვის მიგვინდვია, თუმცა არსებული ფაქტობრივი სურათი თავად სცემს პასუხს ყველა კითხვას.

21. როგორ შეაჯამებდით საქმეს?
- კატეგორიულად და სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ - არც ერთი მტკიცებულება იმისა, რომ იგორ გიორგაძემ ჩაიდინა რაიმე სახის დანაშაული არ არის სისხლის სამართლის საქმის მასალებში. ამიტომაცაა, რომ კონკრეტული საქმე მიეკუთვნება საქმეებს, რომლებისთვისაც დამახასიათებელია პოლიტიკური დევნის სარჩული და არანაირი კავშირი არ გააჩნიათ სამართალთან. უფრო მეტიც 10 წლის წინ მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ ინტერპოლს წარუდგინა საქმის მასალები, ბატონი იგორ გიორგაძე ინტერპოლის მიერ მოხსნილ იქნა ძებნიდან, რადგან ორგანიზაცია კრძალავს მტკიცებულებების გარეშე პოლიტიკური დევნის მიზნით მის გამოყენებას.
22. არის კიდევ რამე, რაც უნდა იცოდეს საზოგადოებამ ამ საქმეზე?
- ვიტყვით იმას, რომ ეს არის მსოფლიოს სამართლებრივ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და დღემდე დაუსრულებელი სისხლის სამართლის საქმე. მისმა ხანგრძლივობამ უკვე გადააჭარბა იმ საქმესაც, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში ყველაზე ხანგრძლივ სისხლის სამართლის პროცესად არის მოხსენიებული. დროის შედარებისთვის, ორი მსოფლიო ომიც კი, ერთად აღებული, უფრო მოკლე პერიოდში დასრულდა, ვიდრე ეს პროცესი გრძელდება. დღეს უკვე 31-ე წელიწადი მიმდინარეობს, რაც უდანაშაულო ადამიანი ბრალდებულის სტატუსით ცხოვრობს და ცილისმწამებლური კამპანიის მსხვერპლია მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე დაუპირისპირდა ჯერ ედუარდ შევარდნაძესა და მის პოლიტიკურ რეჟიმს, შემდეგ მიხეილ სააკაშვილის დიქტატურას. დაცვის მხარის ერთადერთი მოთხოვნაა, საქმე დასრულდეს არა პოლიტიკური შეფასებებით, არამედ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებითა და კანონით.

გტოვებთ რამდენიმე შეკითხვით:
- ცივილიზებულ, სამართლებრივ სახელმწიფოში, სადაც კანონის უზენაესობა რეალურად მოქმედებს და პირის პოლიტიკური ნიშნით დევნა დაუშვებელია, რამდენად ბუნებრივად შეიძლება ჩაითვალოს ვითარება, როდესაც პოლიტიკური განცხადების გაკეთებისთანავე, იმავე დღეს, პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ იწყება სისხლისსამართლებრივი საქმის წარმოება, რომლის დასაბუთებულობაც თავიდანვე სერიოზულ კითხვებს აჩენს?
- თუ სამართლებრივად არსებობდა საქმის სასამართლოში გადაგზავნის შესაძლებლობა, რატომ 10 (ათი) წელიწადი არ აგზავნიდნენ საქმეს სასამართლოში?
- იმჟამინდელი ხელისუფლების გავლენის ქვეშ მყოფი მედია, მრავალი წლის განმავლობაში არ გამოქვეყნებდა თუნდაც ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, მოწმის ჩვენებას, ნივთიერ მტკიცებულებას ან სხვა სანდო მასალას, თუკი ასეთი მტკიცებულებები რეალურად არსებობდა?
- სამართლებრივ სახელმწიფოში შეიძლება თუ არა უდანაშაულობის პრეზუმფციის გვერდის ავლით ადამიანის წლების განმავლობაში გაურკვეველ სამართლებრივ მდგომარეობაში დატოვება, საქმის ან განაჩენის უსასრულოდ გაჭიანურება და ამავდროულად მის წინააღმდეგ იარლიყების, დისკრედიტაციისა და „შავი პიარის“ კამპანიის წარმოება?
