მის შესახებ

მთავარი / მის შესახებ

                                           იგორ გიორგაძე

ქართველი პოლიტიკოსი, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.
1993-1995წ.წ. საქართველოს უშიშროების მინისტრი. საბჭოთა კავშირის და ქართული სპეცსამსახურების ვეტერანი, გენერალ-ლეიტენანტი. დამფუძვნებელი და ხელმძღვანელი ქართული დიასპორის გამაერთიანებელი ორგანიზაციის, "საქართველო საძღვრებს გარეთ".

იგორ გიორგაძე დაიბადა 1950 წლის 23 ივნისს ქ. ზაისანში, ჩინეთისა და ყაზახეთის საზღვარზე მესაზღვრის ოჯახში. მალევე, მშობლებმა ის საქართველოში, მამისეულ ოჯახში ბებიასთან და ბაბუასთან ჩაიყვანეს სადაც იგი მე-9 კლასამდე სწავლობდა. მამის სამსახურიდან გამომდინარე ი. გიორგაძემ საშუალო სკოლა აზერბაიჯანში ქ. ლენქოლაში დაამთავრა. ბავშვობის წლებში გატაცებული იყო ფეხბურთით, კალათბურთით და მუსიკით, დამთავრებული აქვს  მუსიკალური შვიდწლედი, ვიოლინოს განხრით. ფლობს ხუთ ენას. 


სწავლა-სამსახურეობრივი კარიერა

მამის რჩევით, სკოლის დამთავრების შემდეგ ი. გიორგაძემ სწავლა გააგრძელა მოსკოვის უშიშროების აკადემიაში, რომელიც 1973 წელს წარჩინებით დაამთავრა და მიენიჭა უცხო ენების მცოდნე, იურისტ სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. უშიშროების უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, ის გაანაწილეს სსრკ-ს ცენტრალურ აპარატში სამუშაოდ, მაგრამ, მისი თხოვნის გათვალისწინებით, ის სამუშაოდ საქართველოს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში გაუშვეს. 

1973 წლიდან 1995 წლამდე ის მუშაობდა საქართველოში და განვლო გზა რიგითი ოპერმუშაკიდან საქართველოს უშიშროების მინისტრამდე.

1980-81 წ.წ. საქართველოდან ცხრა ქართველ ოფიცერთან ერთად უშიშროების კომიტეტის სპეციალური დანაყოფის „კასკადი“-ს შემადგენლობით, მივლინებულ იქნა ავღანეთში კანდაჰარში. სამსახურის პერიოდში მიღებული აქვს თხუთმეტი სახელმწიფო ჯილდო. ავღანეთიდან დაბრუნების შემდეგ, მუშაობდა საქართველოს უშიშროების კონტრდაზვერვის განყოფილებაში, ახალციხის და ფოთის უშიშროების უფროსად, ხოლო 1990 წლიდან გახდა საქართველოს უშიშროების კონტრდაზვერვის უფროსი. 

საქართველოში ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს ი. გიორგაძე მუშაობდა საქართველოს უშიშროების სამსახურის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელად. ე.წ. თბილისის ომის პერიოდში (1991 წ. დეკემბერი-1992 წ. იანვარი), საქართველოს უშიშროების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ნინუა, არ ერეოდა განვითარებულ მოვლენებში და უშიშროების სამსახურს სრული ნეიტრალიტეტი ეჭირა დაპირისპირებულ  მხარეთა შორის. სწორედ ამ პერიოდში პრეზიდენტ ზ. გამსახურდიამ თხოვნით მიმართა პირადად ი. გიორგაძეს დახვედროდა ფოთის პორტში რუმინეთიდან მომავალ გემს, რომელსაც ზ. გამსახურდიას მომხრეებისათვის იარაღი უნდა ჩამოეტანა. მიუხედავად იმისა რომ უშიშროების კომიტეტს ეჭირა ნეიტრალიტეტი ი. გიორგაძე თავის ჯგუფთან ერთად უყოყმანოდ გაემგზავრა ფოთში კანონიერი პრეზიდენტის თხოვნის შესასრულებლად, მაგრამ ნახევარი გზიდან იძულებული გახდა დაბრუნებულიყო, ვინაიდან გამსახურდიამ მიიღო გადაწყვეტილება დაეტოვებინა ბუნკერი და იარაღით დატვირთული გემი ჩავიდა ბათუმში ასლან აბაშიძესთან. 

1992 წელს ი. გიორგაძე სამუშაოდ გადავიდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, რომლის ბაზაზეც ჩამოაყალიბა კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველო და შექმნა სპეციალური დანიშნულების ელიტარული დანაყოფი „ალფა“. შემდგომში, იგი დანიშნულ იქნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. 

1993 წელს ი. გიორგაძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი სამმართველო გადაყვანილი იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც დაინიშნა შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველ მოადგილედ. ამავე დროს, საფუძველი ჩაუყარა მუხროვანის სპეციალური დანიშნულების სადესანტო  მოიერიშე ბრიგადის შექმნას, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი უშიშროების მინისტრად ყოფნის დროს.


მინისტრობა და პოლიტიკური კონფლიქტი

1993 წლის ოქტომბერში. ი. გიორგაძე დაინიშნა საქართველოს უშიშროების მინისტრად. მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას პრაქტიკულად ხელახლა მოუწია დამოუკიდებელი საქართველოს უშიშროების სისტემის აწყობა. მან გააძლიერა უშიშროების სამინისტრო და ორ სპეციალურ ქვედანაყოფს „ალფას“ და „ომეგას“, შეჰმატა სპეციალური დანიშნულების სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა. ი. გიორგაძე მისი უშიშროების მინისტრობის დროს აქტიურად ამყარებდა სამუშაო კონტაქტებს, აშშ-ს, რუსეთის, ბულგარეთის, თურქეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ისრაელის, სომხეთის, სამხრეთ აფრიკის და სხვა ქვეყნების სპეცსამსახურებთან და სამთავრობო სტრუქტურებთან. ამ დროის განმავლობაში, მან დაამყარა კონტაქტები თავის საზღვარგარეთელ კოლეგებთან, გავლენიან პოლიტიკოსებთან და სახელმწიფო მოღვაწეებთან. აღნიშნულმა, ხელი შეუწყო მისი ოპერატიული სპეცდანაყოფების წევრების მომზადებას საუკეთესო ინსტრუქტორებთან რუსეთის და აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ბაზაზე.

ი. გიორგაძის ხელმძღვანელობით პირველმა ქართულმა სპეციალურმა დანაყოფებმა „ალფა“-მ და „ომეგა“-მ, არაერთი წარმატებული უსისხლო ოპერაცია ჩაატარეს, როგორც სამოქალაქო ომის პერიოდში, ასევე აფხაზეთში ომის მიმდინარეობისას. საქართველოში სწორედაც ასეთი ტიპის ოპერაციების ჩატარების ნოვატორი და სულის ჩამდგმელი გახლდათ იგორ გიორგაძე, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ძმათამკვლელ ომში, სისხლი არ დაღვრილიყო. აღნიშნული სპეცდანაყოფის ჩატარებული უსისხლო ოპერაციებია: ისტორიული ფაქტი თენგიზ კიტოვანის 400 კაციანი დანაყოფის უსისხლო შეჩერება დასავლეთ საქართველოში და მისი მხრიდან სისხლის-ღვრის აცილება, ყოველგვარი სროლის გარეშე მძევლების განთავისუფლება, სამოქალაქო ომის დროს წართმეული ტექნიკის დაბრუნება, აფხაზეთის ომის ქარცეცხლში სადაზვერვო ოპერაციების განხორციელება, ოკუპირებულ ქართულ მიწაზე და სხვა.

დანიშვნის დღიდან, იგორ გიორგაძე, ედუარდ შევარდნაძისათვის, დღითიდღე მიუღებელი პერსონა ხდებოდა, ვინაიდან მისი პოპულარობა ქართულ საზოგადოებაში იზრდებოდა. ამას ემატებოდა პიროვნული და პოლიტიკური უთანხმოებაც,  ი. გიორგაძე არ ემორჩილებოდა შევარდნაძის პირდაპირ და ირიბ უკანონო ბრძანებებს.   სწორედაც, ი. გიორგაძემ არ შეასრულა რა შევარდნაძის პრაქტიკულად, პირდაპირი ბრძანება მოეხდინა  ზ. გამსახურდიას ფიზიკური ლიკვიდირება, თავისი დანაყოფები სამეგრელოდან თბილისში გამოაბრუნა, რითაც შევარდნაძის რისხვა და ფარული დაპირისპირება დაიმსახურა. შევარდნაძე, ერთმანეთზე ადამიანთა გადაკიდებითა და მათ შორის შუღლისა და მტრობის ჩამოგდებით მართავდა იმდროინდელ საქართველოს და ამით ცდილობდა, მისი (შევარდნაძის) რუსეთიდან ჩამომყვანნი იოსელიან-კიტოვანის დუეტი პოლიტიკიდან ჩამოეშორებინა და ფიზიკურად გაენადგურებინა. არც ეს დავალება იქნა შესრულებული ი. გიორგაძის მხრიდან.

ამას დაემატა გიორგაძის აშშ-ი ვიზიტი, სადაც ის პირადად მიწვეული იქნა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს უფროსის ჯეიმს ვულსის მიერ და ამ შეხვედრის შედეგად საქართველოს ისტორიაში პირველად გაფორმდა ხელშეკრულება ორი  სახელწმიფოს უშიშროების სამსახურების ურთიერთ თანამშრომლობის თაობაზე. თუმცა, გიორგაძემ საქართველოში ჩამოსვლის დღეს  შევარდნაძეს გადასცა  ჯეიმს ვულსის დანაბარები - რომ, ამერიკის ხელმძღვანელობა წუხდა,  რომ საქართველოში მაფიოზური სახელმწიფო შენდებოდა. ამ სიტყვებმა და იმ გარემოებამ, რომ ვულსის დანაბარებს გიორგაძეც ეთანხმებოდა, შევარდნაძე გააღიზიანა. მისი პასუხი იყო, ‘’ესენი მასწავლიან მე ჭკუას?!  ამერიკა ყაჩაღებმა და ბანდიტებმა ააშენეს, დღეს მათი შთამომავლები ბანკირები და ბიზნესმენები არიან’’. 

გადამწყვეტი მომენტი მათ ურთიერთობაში 1995 წლის მაისში დადგა, როდესაც არჩევნების წელიწადს სამინისტროს რესპუბლიკურ თათბირზე მინისტრმა გიორგაძემ დააფიქსირა, რომ უშიშროების სამინისტრო არჩევნების გაყალბებას არ დაუშვებდა.  ეს იმ პირობებში, როდესაც შევარდნაძის რეიტინგი 12% პროცენტს არ აღემატებოდა და არჩევნების გაყალბების გარეშე ის პრეზიდეტი ვერ გახდებოდა. მინისტრის ეს განცხადება შევარდნაძისთვის ცნობილი გახდა. ასეთმა დაძაბულმა ურთიერთობამ განაპირობა სახელმწიფო მეთაურისაგან მტრული დამოკიდებულება  გიორგაძის პერსონისადმი. სამი თვის შემდეგ, 29 აგვისტოს,  როდესაც გიორგაძე შევარდნაძის თხოვნით საზღვარგარეთ მივლინებაში იმყოფებოდა, პარლამენტის და სახელმწიფო მეთაურის დახურულ ა/სადგომზე მოხდა აფეთქება; აფეთქება განხორციელდა შევარდნაძის სამთავრობო დაცვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, დანაღმული ა/მანქანით რომელიც აღმოჩნდა, რომ ეკუთვნოდა შევარდნაძის მრჩევლის მეგობარს, ასაფეთქებელი მოწყობილობით, რომელიც მოწმის ჩვენებით, დატესტილი იყო შევარდნადზის მარჯვენა ხელის, იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრის, შოთა კვირაიას მიერ.  მომხდარი აფეთქება პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე გამოყენებულ იქნა გიორგაძის თანამდებობიდან გადაყენებაში, რაც ხელს უხსნიდა ხელისუფლებას ,,წარმატებით’’ ჩაეტარებინა  ნოემბერში მოახლოებული არჩევნები.



სისხლის სამართლის საქმე მტკიცებულებების გარეშე, ნაწამები ადამიანები

1995 წლის 2 სექტემბერს იგორ გიორგაძე თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. მეორე დღეს მან გამართა პრესკონფერენცია და განაცხადა, რომ დროებით დატოვებს ქვეყანას. 4 სექტემბერს იგორ გიორგაძემ  საქართველო ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე დატოვა.  16 სექტემბერს სამართალდამცავმა ორგანოებმა განაცხადეს, რომ ყველა საქმე იყო გახსნილი, მათ შორის 29 აგვისტოს მომხდარი აფეთქება, თუმცა მათი მხრიდან არ მომხდარა რაიმე ფორმით იგორ გიორგაძის დასახელება. 21 სექტემბერს იგორ გიორგაძემ ედუარდ შევარდნაძეს გაუგზავნა წერილი, სადაც მან დაადანაშაულა შევარდნაძე  კორუფციაში, ტერიტორიების დაკარგვაში და იმჟამინდელი შსს მინისტრის შოთა კვირაიას მიერ განხორციელებული პოლიტიკურ მკვლელობების ხელის დაფარებაში.  წერილის გაგზავნიდან მეორე დღეს 22 სექტემბერს დაიწყო იგორ გიორგაძის პირადი გარემოცვის დევნა, ხორციელდებოდა დაკავებები და ზეწოლები. 1995 წლის 26 სექტემბერს დილით პრესაში გამოქვეყნდა იგორ გიორგაძის  ზემოაღნიშნული წერილი ედუარდ შევარდნაძისადმი, იმავე დღის ბოლოს, საქართველოს პროკურატურამ გამოსცა  დადგენილება იგორ გიორგაძის მიმართ ძებნის გამოცხადების თაობაზე, სადაც ის დადანაშაულებულ იქნა 1995 წლის 29 აგვისტოს მომხდარი აფეთების ორგანიზებაში.  სწორედაც ამ დღიდან დაიწყო იგორ გორგაძის პოლიტიკური დევნა შევარდნაძის ხელისუფლების მიერ და ამის დასაფარად გამოყენებულ იქნა იურიდიული მექანიზმები.

იგორ გიორგაძის მიმართ შევარდნაძის პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან, განხორციელდა პოლიტიკური დევნა, რაც გამოვლინდა ი. გიორგაძის მიმართ შეთითხნილ სისხლის სამართლის საქმეებში. უფრო მეტიც, ამ საქმის გამოძიების დროს, არაერთი ადამიანი იქნა უსასტიკესად ნაწამები, დაინვალიდებული, მოკლული. ი. გიორგაძის სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დროს გამოყენებულ იქნა წამების სხვადასხვა ფორმა; აწამებდნენ დენით, განუწყვეტლივ სცემდნენ და მათ და მათი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. ყველა ამ სისასტიკეს შევარდნაძის ხელისუფლების მხრიდან, ერთადერთი მიზანი ჰქონდა - დაკავებულ პირთაგან  მიეღოთ ჩვენება ი. გიორგაძის წინააღმდეგ. მიუხედავად ასეთი დიდი ზეწოლისა, პროცესი, რომელიც ე .წ. "საუკუნის პროცესად"  არის ცნობილი, და რომელიც ტარდებოდა შევარდნაძის ხელისუფლების კონტროლქვეშ (სასამართლოში დაიკითხა 300-ზე მეტი მოწმე და 14 მსჯავრდებული)  ი. გიორგაძის წინააღმდეგ გამოძიებამ და სასამართლომ ვერ მოიპოვა ვერც ერთი მტკიცებულაბა და ვერც ჩვენება, რომელიც მის ბრალეულობას დაადასტურებდა. 

ირონიულია, რომ  წლების შემდეგ, ედუარდ შევარდნაძემ, სატელევიზიო მემუარში ,,წამი, წამება, წამიერება'' დეტალურად გაიხსენა 29 აგვისტოს ინციდენტი (ისე, როგორც თავის დროზე გამოძიების ჩვენებაშიც), არც ერთ კონტექსტში არ ახსენა იგორ გიორგაძის სახელი. უფრო მეტიც, მისი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, ,,ჯორჯიან თაიმს''-ზე მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ არასოდეს არ უნახავს რაიმე სახის მტკიცებულება გიორგაძის წინააღმდეგ.

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ 19 წლის განმავლობაში ი. გიორგაძის მიმართ გამოძიებაში არსებული სისხლის სამართლის საქმე არ გადაეცა სასამართლოს განსახილველად. მიუხედავა იმისა, რომ მოქმედი კანონმდებლობა ძებნილი პირის მიმართ საქმის სასამართლოში განხილვის შესაძლებლობას ცნობს. ი. გიორგაძემ 2005 წლიდან არაერთხელ მოითხოვა ჩატარებულიყო მის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმის სასამართლოში განხილვა, თუმცა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უფრო მეტიც ი. გიორგაძის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალები 2015 წლის 25 აპრილამდე გასაიდუმლოებული იყო. შესაბამისად, დაცვის მხარეს არ ეძლეოდა საშუალება გაცნობოდა ბრალდების მასალებს. მას შემდეგ, რაც დაცვის მხარე გაეცნო სრულად ი. გიორგაძის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, დადგინდა, რომ არანაირი მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება ი. გიორგაძის ბრალეულობა საქმეში არ მოიპოვება და ეს გახლდათ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დევნა. 


არჩევნებში მონაწილეობის უფლების  წართმევა

წარმოებული პოლიტიკური დევნის პარალელურად, იგორ გიორგაძე განაგრძობდა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას და ის ცდილობდა მიეღო მონაწილეობა საქართველოში გამართულ სხვადასხვა არჩევნებში. კეძოდ, 1999 წლის ოქტომბერში იგორ გიორგაძემ გააკეთა განაცხადი საქართველოს პარლამენტის წევრობის არჩევნებზე მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ მისი დარეგისტრირება არ განახორციელა იმჟამინდელმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, ისე რომ მიზეზიც კი არ ყოფილა ახსნილი. 2003 წელს საქართველოში გასამართ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით. ი. გიორგაძემ კვლავ წარადგინა თავისი კანდიდატურა და სურდა კენჭი ეყარა სამტრედიის რაიონში მაჟორიტარ დეპუტატად. მისი განაცხადი იმდროინდელი საარჩევნო კომისიის მიერ არ იქნა რეგისტრირებული და სააკაშვილის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ იგორ გიორგაძეს ვერ მიეღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებში. მიუხედავად იმისა, რომ სამტრედიის საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული იქნა მაჟორიტარობის კანდიდატად ბატონი ი. გიორგაძე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მისი კანდიდატურა კვლავ უმიზეზოდ მოხსნა. ე. წ. ვარდების რევოლუციის შემდგომ დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინაშე საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებულ იქნა ბატონი იგორ გიორგაძის კანდიდატურა. იმ პერიოდისათვის მონაწილეობის მსურველებს ჰქონდათ განსაძღვრული ორი კვირა რათა შეეგროვებინათ 50,000 ხელმოწერა, რის შემდგომ კანდიდატი დარეგისტრირდებოდა.  საინიციატივო ჯგუფმა, ერთ კვირაში წარადგინა 120,000 საქართველოს მოქალაქის ხელმოწერა, რომლის მიხედვითაც მათ სურდათ საქართველოს პრეზიდენტად ეხილათ ბატონი იგორი. საქარველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე მესამედ კვლავ უმიზეზოდ უარი განაცხადა ბატონი იგორ გიორგაძის რეგისტრაციაზე და არანაირი მნიშვნელობა არ მიანიჭა იმ გარემოებას, რომ საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატი აკმაყოფილებდა კანონის ყველა კრიტერიუმს და მისი რეგისტრაციაში გატარება წარმოადგენდა კანონის უზენაეს ნებას. 


პოლიტიკური დევნის შემდგომი ტალღა

გიორგაძის პოლიტიკური დევნა არ შეწყდა 2003 წელს მომხდარი ე.წ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ. არჩევნებში მონაწილეობის უფლების წართმევის შემდგომ 2004 წელს ბატონი იგორ გიორგაძე არჩეულ იქნა პარტია სამართლიანობის თავმჯდომარედ. აღნიშნულ პარტიას ყავდა 27,000 ოფიციალური წევრი, გააჩნდა ახალგაზრდული ფრთა, ჰქონდა 80 ოფისი საქართველოს ტერიტორიაზე და პარტიის მხარდამჭერთა რიცხვი ნახევარ მილიონ ადამიანზე მეტს წარმოადგენდა. პარტიის პოლიტიკური ხედვისა და მიმართულების კურსი გახლდათ პროქართული გაერთიანებული სახელმწიფოს მშენებლობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. პარტია გამოდიოდა ადამიანთა პოლიტიკური შეხედულების გამო დევნის, პოლიტიზირებული პროკურატურის, სასამართლოსა და პოლიციის წინააღმდეგ და ზოგადად ძალადობის წინააღმდეგ, რაც ხორციელდებოდა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში. ამ მიზეზით ტარდებოდა საპროტესტო აქციები, მიტინგები და სხვადასხვა პროტესტის  ფორმები. უნდა აღინიშნოს, რომ ჩატარებული საპროტესტო აქციები, მიტინგები იყო სანქცირებული, მშვიდობიანი და ტარდებოდა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით. ამის საპასუხოდ სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა მათი დარბევა, პარტიის მუშაობისათვის ხელის შეშლა, უკანონო მოსმენები (დაფიქსირებულ იქნა მოსასმენი აპარატები) პარტიის აქტიურ წევრთა თვალთვალი, ფსიქოლოგიური ზეწოლები, პროვოკატორთა შეგზავნა მომიტინგეებში და მომიტინგეების ფიზიკური ხელყოფა, ასევე რეგიონებიდან მომავალ მომიტინგეთა დასჯის მიზნით, ზონდერ ჯგუფების გამოყენება და ტერორი. დაფიქსირდა ათეულობით ფაქტები მომიტინგეთა სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების, ადამიანთა ცემისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. 2005 წელს ბატონი იგორ გიორგაძის ინიციატივით დაფუძნდა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ანტი სოროსი“, რომელშიც გაერთიანდნენ სხვადასხვა პარტიები („ენა მამული სარწმუნოება“, „კონსერვატორ-მონარქისტები, „სამართლიანობა“, „21-ე საუკუნე“, „იმედი“). ამ საზოგადოებრივი მოძრაობის მიზანი გახლდათ ჯორჯ სოროსის იდეოლოგიურ-ფინანსური ჩარევის აკრძალვა (რომლებიც მიმართული იყო ქართული ღირებულებების განადგურებისაკენ) საქართველოს სახელმწიფოს შიდა და საგარეო ურთიერთობებში. ბატონი გიორგაძის  ზ/აღნიშნულ აქტივობას მოყვა სოროსის მერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გიორგაძის პერსონისადმი შავი პიარის  წარმოება, გამოგონილი ინფორმაციის გავრცელება და წილისწამებები, რომელიც დღემდე გრძელდება

2006 წელს, როდესაც იგორ გიორგაძეს ოფიციალურად მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი, მან მოსკოვში გამართა პრესკონფერენცია, სადაც ღიად ისაუბრა პოლიტიკურ გეგმებზე და საქართველოში შვეიცარული მოდელის შექმნაზე. სამშობლოში მშვიდობიან ჩამოსვლაზე და სააკაშვილის რეჟიმის პოლიტიკური ავანსცენიდან მშვიდობიანად გაშვებაზე.  ამ გამოსვლის შემდგომ სააკაშვილის ხელისუფლებამ გააძლიერა იგორ გიორგაძის პოლიტიკური დევნა, მისი დისკრედიტირების მცდელობა საზოგადოებაში შავი პიარი, ცრუ ბრალდებები უდანაშაულობის პრეზუმციის შელახვით, იარლიყების მიწებებით, რისი კულმინაციაც გახლდათ 2006 წლის 06 სექტემბერი, როდესაც მოხდა უდანაშაულო ადამიანების დაკავება არარსებული შეთქმულების ბრალდებით, მათ შორის თავად იგორ გიორგაძის მეუღლის დიშვილის ქ/ნი მაია თოფურიასი. მაია თოფურიას და მასთან ერთად უდანაშაულოდ დაკავებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დაკავებით სააკაშვილის ხელისუფლებას სურდა შეექმნა იმიჯი იმისა, რომ მას რუსეთიდან ებრძოდნენ და იყო ი. გიორგაძის ორგანიზებით მცდელობა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის. თუმცა სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ამ საქმეზე იგორ გიორგაძისათვის ბრალი არ წარუდგენიათ, რაც ცალსახად მეტყველებს საქმის პოლიტიკურ მოტივებსა და მიზნებზე . უფრო მეტიც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხშირად არღვევდა იგორ გიორგაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმციას. სააკაშვილი თავისი პოპულისტური განცხადებებით ცდილობდა შეექმნა ნეგატიური საზოგადოებრივი აზრი იგორ გიორგაძეზე, როგორც პოლიტიკოსზე. მან საჯაროდ ხაზი გაუსვა იმ იდეას, რომ იგორ გიორგაძე არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში.  ამან აშკარა გახადა მის მიმართ პოლიტიკური დევნის დემონსტირება. 2013 წლის 29 იანვარს  საქართველოს თავდაცვის სამინისტროსს აკადემიაში გამართულ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა გაახმოვანა იგორ გიორგაძის მისამართით ცრუ ბრალდებები და აღიარა, რომ მან ყველაფერი გააკეთა, გიორგაძის მომხრეების პოლიტიკური სცენიდან მოშორებისათვის, ასევე, ყველაფერი გააკეთა, რომ გიორგაძე არ ჩამოსულიყო საქართველოში. ამით აიხსნება ის ფაქტიც, რატომ 2005 წლიდან, როდესაც კანონით უკვე დაშვებული იყო დაუსწრებლად საქმის განხილვა, გიორგაძის ყოველ წლიანი მოთხოვნა რომ განეხილა სასამართლოს მისი საქმე უპასუხოდ რჩებოდა.

აღსანიშნავია, რომ მაია თოფურია აღიარებულ იქნა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის FIDH-ის მიერ  პოლიტიკური მოტივაციით დაპატიმრებულ პირად. მაია თოფურიას დაკავებას ასევე  მოყვა  მსოფლიო საზოგაოდების მძლავრი რეაქცია  და მიხეილ სააკაშვილისადმი გაგზავნილი იყო არაერთი წერილი როგორც სხვა და სხვა ორგანიზაციებიდან, ასევე ჰელსინკის კომიტეტიდან, ამერიკის სენატიდან და კონგრესიდან. აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობით საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში და მოცემული საქმის ობიექტურად ჩატარებული გამოძიების პირობებში დადგინდა, რომ არანაირ შეთქმულებას არ ჰქონდა ადგილი და სისხლის სამართლის საქმე იყო პოლიტიკურად  მოტივირებული. 25 მაისის 2018, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა 2007 წლის განაჩენები და მაია თოფურიას და მასთან ერთად 13 სასჯელმოხდილს, გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა.

დღევანდელი რეალობა, მიმდინარე სასამართლო სხდომა

2016 წლის 30 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში იგორ გიორგაძის 20 წლიანი მოლოდინის შემდეგ დაიწყო მის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვა. აღსანიშნავია რომ, იმავე წლის ივნისის თვეში, იგორ გიორგაძე მოხსნილი იქნა ინტერპოლის ძებნილთა სიიდან, მას შემდეგ, რაც დაცვის მხარემ დაუსაბუთა ინტერპოლს,  რომ ბატონი გიორგაძის წინააღმდეგ იურიდიულ პროცესებს საფუძვლათ ედო მხოლოდ პოლიტიკური მოტივი.

დღემდე სასამართლოზე დაკითხულია ასობით ადამიანი; პროკურატურის მოწმიდან არც ერთს არ მიუცია რაიმე სახის ჩვენება იგორ გიორგაძის წინააღმდეგ.